ეროვნული ბანკი - აპრილში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 20 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 933.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.0%-ით, ანუ 61.6 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 159.57 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 40.86 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 34.20 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 20.40 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ყაზახეთი 19.73 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკი ცნობით, 2023 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 71.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც, 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12.0%-ით მეტია.