ეროვნული ბანკი - აპრილში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, განსაკუთრებით კი, გერმანიიდან, პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 160.1 პროცენტით გაიზარდა.
მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 85.0 პროცენტი შეადგინა და წლიურად 140.5 პროცენტით მოიმატა. საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად, 5-ჯერ გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში პანდემიის შემაკავებელი ზომების შერბილებამ და საზღვრების გახსნამ ტურიზმის დარგის გაჯანსაღებას ხელი შეუწყო და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა.
„2022 წლის აპრილში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 160.1 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან 2021 წელს ანალოგიურ პერიოდში ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2020 წლის აპრილთან შედარებით კი 6-ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან (30.3 პპ), სომხეთიდან (29.0 პპ), თურქეთიდან (18.0 პპ) და უკრაინიდან (8.6 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 14.1 პპ წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, გერმანიიდან (2.6 პპ), პოლონეთიდან (2.2 პპ) და გაერთიანებული სამეფოდან (1.1 პპ) შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ბელარუსიდან, ირანიდან და ყაზახეთიდან შემოსული ვიზიტორების არსებითი ზრდა. წინა თვის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ისრაელიდან შემოსული ვიზიტორთა რაოდენობა კვლავ მაღალი იყო (6.8 პპ)“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.