ეროვნული ბანკი - ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება
COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება განმარტავს, რომ შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები აუდიტირებულ წლიურ ანგარიშს ეროვნულ ბანკს წარუდგენენ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ივნისისა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და, აქედან გამომდინარე, კომპანიებისა და აუდიტორული ფირმების წინაშე არსებული სირთულეების გათვალისწინებით მიიღო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოებსა და აუდიტორებს მოუწოდებს, იხელმძღვანელონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მითითებებით.
2020 წლიდან ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის ანგარიშგების „ერთი ფანჯრის პრინციპი” ამოქმედდა. აღნიშნულის ფარგლებში, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წლიური და ნახევარ-წლიური ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად წარედგინება. აღნიშნული ცვლილება 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის მომზადებულ წლიურ ანგარიშსაც შეეხება.
დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს განახლებული ბრძანება №78/04-ის და 2012 წლის 14 თებერვლის განახლებული ბრძანება №35/04-ის შესახებ განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე („ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება; „პირების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანება).