ეროვნული ბანკი - აგვისტოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 14.1 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 752.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.1%-ით, ანუ 47.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 60.34 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია – 45.01 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 40.19 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 20.35 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 19.88 მილიონი აშშ დოლარით.
2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 76.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1.0%-ით ნაკლებია.