ეროვნული ბანკი - აგვისტოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.3%-ით მოიმატა და 290.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 12.1%-ით 33.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზვანილების მცირედი მატება საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
„აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 30%-ით, 43 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, თუმცა მაღალი ტემპებით, 24.9%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან და 18.2%-ით ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყირგიზეთი და გაერთიანებული სამეფო, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (62.4%-იანი და 20.5% -იანი მატება, შესაბამისად). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. აგვისტოში რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო (5.2%-იანი და 11.8%-იანი კლება). უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. აგვისტოში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.5%), აშშ (17.5%) და რუსეთი (14.6%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.