ეროვნული ბანკი - აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 478.45 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 40.07 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით, ანუ 1.82%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 135.17 მლნ ლარით, ანუ 0.65%-ით გაიზარდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.10 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.03%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.03 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.02%-ით მეტია. ხოლო, 2021 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.09%-ით, ანუ 216.31 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 20.09 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.02 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით.