ეროვნული ბანკი - 2023 წლის ივნისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 633 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში თითქმის მილიარდი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1.60 მლრდ ლარით, ანუ 3.50%-ით გაიზარდა და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 633.62 მლნ ლარით, ანუ 2.50%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968.12 მლნ ლარით, ანუ 4.74%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2023 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.63 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით შედარებით 3.70%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 13.17 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვეს 5.81%-ით აღემატება.
მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივნისის განმავლობაში 1.95%-ით, ანუ 480.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 25.16 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის ივნისის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.81 პროცენტი შეადგინა და, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.53 პროცენტული პუნქტით.