ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4 პროცენტიდან 4.5 პროცენტამდე გაზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5 პროცენტამდე გაზრდის.
როგორც მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 10 მაისს იქნება მონეტარული პოლიტიკის ახალი ანგარიში, გადაიხედება პროგნოზები, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზეც.
„პირდაპირ შემიძლია, ახლა ვთქვა, რომ 4.5 პროცენტი იქნება. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო 4 პროცენტი, მაგრამ ვზრდით 4.5 პროცენტამდე“, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.
შეკითხვაზე, რამ განაპირობა 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 7.2 პროცენტით გაზრდა და მოქმედებს თუ არა ეკონომიკურ ზრდაზე მიგრანტების ფაქტორი, მესტვირიშვილმა განმარტა, რომ ცენტრალური ბანკი მიგრანტების მხრიდან თანხის შემოდინებას უყურებს, როგორც დროებით ფაქტორს და ფინანსურ სექტორი და ქვეყნის ეკონომიკა მზად უნდა იყოს.
„მიგრანტების ეფექტი შეიძლება, ვადაში გაიწელოს. რაღაც პერიოდის შემდგომ ვიცით, რომ შეწყდება ეს შემოდინებები და შეიძლება, ჭარბი ლიკვიდობა, რაც ახლა გვაქვს, მისი გადინება მოხდეს. ამიტომ, ამისთვის ეკონომიკა და ფინანსური სექტორი მზად რომ იყოს, ამ თანხას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ერთჯერად შემოდინებას“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.