ეროვნული ბანკი - 2023 წლის აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 139 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 240 მლნ დოლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 100.18 მლნ ლარით, ანუ 0.22 პროცენტით შემცირდა და აპრილის ბოლოს 44.77 მლრდ ლარი შეადგინა.
ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 139.19 მლნ ლარით, ანუ 0.56 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 239.38 მლნ ლარით, ანუ 1.20 პროცენტით შემცირდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2023 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0.42%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით – 12.06 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც, წინა თვესთან შედარებით, 3.15%-ით ნაკლებია.
მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის აპრილის განმავლობაში 0.29%-ით, ანუ 70.99 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 24.15 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის აპრილის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.89 პროცენტი შეადგინა და, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.44 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.