ეროვნული ბანკი - 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მილიარდ 690 მილიონი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 44.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.69 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 133.96 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.55 მლრდ ლარით, ანუ 5.88%-ით გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 43.90 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.62 პროცენტული პუნქტით. დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.71% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 12.06%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.21%.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 81.42%, ხოლო ევროს წილმა 17.01% შეადგინა.