ეროვნული ბანკი - 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 20.6 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 65.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 123.3 პროცენტია.
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 201.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 20.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 207.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და სხვა ცვლილების გამო 2.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.0 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 59.5 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 689.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 518.2 მლნ აშშ დოლარი და 941.4 მლნ აშშ დოლარი. საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.6 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.2 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 76.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 34.1 პროცენტია. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 115.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 112.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 3.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 689.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.