ეროვნული ბანკი - 2021 წლის ბოლოს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მილიონი დოლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 67.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ-ს 116.8 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობთ, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 901.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი – 74.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 167.7 და 32.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 57.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.0 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 954.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 503.0 მლნ აშშ დოლარი და 1.2 მლრდ აშშ დოლარი. საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.6 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.5 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 90.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ–ს 71.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 33.9 პროცენტია. 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 5.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 6.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 954.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 483.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.