ეროვნული ბანკი - 2020 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა
2020 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით, ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით, ყველის გაძვირებამ იმოქმედა. მნიშვნელოვანი იყო პომიდვრის, ბენზინის და ზეთის გაძვირებაც.
„თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია მანდარინის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში სურსათი 6.0 პროცენტით არის გაძვირებული. ნოემბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე და ზეთზე – 0.6 პპ. სხვა პროდუქტებიდან ათი პროცენტით სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.3 პპ) და, მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 41 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი.
ნოემბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიფება მოქმედებდა, ჯამში 0.8 პპ-ით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.8 პროცენტამდე შემცირდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში.
ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 3.0 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.1 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონ¬ლის ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება.