ეროვნული ბანკი - 2020 წლის ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების ნაკადებმა იკლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 169.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.1 პროცენტით 21.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (208.1 პროცენტით) და უკრაინიდან (124.4 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.5 და 3.5 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა.
საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (23.4 პროცენტით), რაც იტალიიდან (27.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (15.4 პროცენტით) და გერმანიიდან (65.0 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა კანადიდან (41.3 პროცენტით) და აშშ-დან (35.6 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.7 პროცენტი) და რუსეთი (19.4 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.