ეროვნული ბანკი - 2020 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულზე მეტად შემცირდება
ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუბრუნდება. კერძოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, რაც ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური დანახარჯებს გაზრდილი წვლილითაა განპირობებული.
ამასთან, როგორც სებ-ში აცხადებენ, 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მეტად შემცირება, რასაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.
„საშუალოვადიან პერიოდში გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობა და ეფექტური გაცვლითი კურსიდან მომდინარე ეფექტის შემცირება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
2019 წელს ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9 პროცენტამდე გაზარდა.