ეროვნული ბანკი - 2020 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 874.0 მლნ ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 874.0 მლნ ლარით გაიზარდა და 37.7 მლრდ ლარს გაუტოლდა. სებ-ის ცნობით, საკრედიტო პორტფელზე ზრდის მიმართულებით გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით დაკრედიტების მატებამ.
„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 19.4 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 9 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 88.9 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.1 პროცენტს შეადგენდა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
ამასთან, ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 653.9 მლნ ლარით გაიზარდა და 16.74 მლრდ ლარს გაუტოლდა. ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 124.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6.57 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, დეკემბერში ვადაგადაცილებული სესხები 32.7 მლნ ლარით შემცირდა და 533.5 მლნ ლარს გაუტოლდა.
„მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით 55.3 პროცენტამდე შემცირდა“, – წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში.