ეროვნული ბანკი - 2020 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის ექვს მილიარდ ლარზე მეტით ზრდაა მოსალოდნელი
„კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში გაზრდილი რისკის პრემია და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება ვალის მომსახურების ტვირთის ზრდაში აისახა. ამასთან, პანდემიით გამოწვეული რეცესიის შესარბილებლად მობილიზებულმა ფინანსურმა რესურსებმა საგარეო ვალი გაზარდა“, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო წლებში მთლიანი საგარეო ვალის მშპ-თან თანაფარდობა სტაბილურია, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
„საქართველოს საგარეო ვალი ძირითადად უცხოური ვალუტითაა დენომინირებული და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მოწყვლადია გაცვლითი კურსის რისკის მიმართ. ეს რისკი თვალსაჩინო გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც გაუარესებულ საგარეო მდგომარეობას ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ლარიზაციის პროცესი გრძელდება, რაც ფინანსური სტაბილურობის რისკებს შეამცირებს. ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს რისკის პრემიის ზრდაც, რაც უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების საპროცენტო განაკვეთზე იქონიებს ზეგავლენას და რეფინანსირების რისკისა და საგარეო ვალის ტვირთის ზრდას გამოიწვევს. თუმცა მთლიან საგარეო ვალში მოკლევადიანი ვალის დაბალი წილის გამო, ეს რისკი დაბალია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთლიანი ვალის მაჩვენებელი სხვა მზარდ ეკონომიკებთან შედარებით გამოკვეთილად მაღალი არაა, 2020 წელს მოსალოდნელია სახელმწიფო საგარეო ვალის მნიშვნელოვნად, 6 187 მილიონი ლარით ზრდა, საიდანაც ძირითადი ნაწილი „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული რეცესიით არის განპირობებული და პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში იქნება გამოყენებული. მთლიანობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის 136 პროცენტს მიაღწევს და შემდგომ პერიოდებში ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში უცხოურ ვალუტაში არსებული ვალდებულებების წილი თითქმის ყველა ტიპის მსესხებლისთვის შერჩეულ შესადარის ქვეყნებთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ვალუტის კურსის გაუფასურების შედეგად საგარეო ვალის ტვირთის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება“, – წერია ანგარიშში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან შეღავათიანი პირობებითაა ნასესხები, რაც ამ ტიპის სესხებზე საბაზროსთან შედარებით, მომსახურების დაბალ ტვირთს გულისხმობს.