ეროვნული ბანკი - 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 897.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალი იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 538.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 23.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა – 9.5 პროცენტიდან 11.1 პროცენტამდე.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 0.5 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 17.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8.5 პროცენტით გაიზარდა.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 8.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა.
„მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 5.4 პროცენტით გაიზარდა და 685.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 1.1 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მეოთხე კვარტალში 404.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის 26.5 მლნ აშშ დოლარიდან 0.5 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა კი, გასული წლის მეოთხე კვარტალში 225.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.6 პროცენტია.