ეროვნული არქივის თანამშრომლებმა ელექტრონული დაარქივების, ციფრული კატალოგებისა და საძიებლების შექმნის სტანდარტებზე იმსჯელეს
ეროვნული არქივის თანამშრომლებმა ელექტრონული დაარქივების, ციფრული კატალოგებისა და საძიებლების შექმნის სტანდარტებზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
„ეროვნული არქივის სისტემის ცენტრალური და რეგიონული არქივების თანამშრომელთა შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ახალი დოკუმენტებით შევსების, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის მიმდინარეობის, ელექტრონული დოკუმენტების დაარქივების, ციფრული კატალოგებისა და საძიებლების შექმნის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ეროვნული არქივი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული დოკუმენტების დაარქივების მიმართულებით ნაყოფიერად თანამშრომლობს. გარდა ამისა, მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, არქივის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნაზე.
შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი უძღვებოდა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც წლის ბოლომდე იგეგმება“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.