ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი ანბანის სამი სახეობის შრიფტების – „ანბანდიდის“, „გრაგნილისა“ და „მედეას“ პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტები ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით შეიქმნა.
„ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს –XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნა.
შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი. პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან ხუთი წლის იუბილეს. საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.