ეროვნულ არქივში ავსტრიელი ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში გატარებული წლების ამსახველი გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში“.
გამოფენა მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში გატარებული წლებისა და ცხოვრების ამსახველ მასალებს აერთიანებს.
ღონისძიება საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.
ბერტა ფონ ზუტნერი ავსტრიელი ნოველისტი, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი და პირველი ქალი იყო, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ბერტა ფონ ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან მეგობრობდა. ის 1876 წელს არტურ ფონ ზუტნერზე ვენაში საიდუმლო ქორწინების შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა. წყვილმა აქ ცხრა წელი დაჰყო. ისინი ზუგდიდსა და ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში ცხოვრობდნენ. ზუტნერები წერდნენ წიგნებს, ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას.
ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი“, რომელიც 1889წელს გამოიცა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ზუტნერმა 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მიზანია, ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა. გვსურს, ბერტა უფრო ცნობილი გახდეს საქართველოში, რადგან მას ძალიან დიდი კავშირი ჰქონდა თქვენს ქვეყანასთან. გარკვეულწილად ის შეიძლება ევროპელებისათვის საქართველოს გიდადაც მივიჩნიოთ. ასევე იმედი გვაქვს, რომ ბერტა – როგორც ძლიერი და მებრძოლი ქალი, მაგალითი გახდება ქალებისათვის“, – განაცხადა პირველ არხთან საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ.
გამოფენა ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით იმართება.
ავსტრია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. გამოფენის ორგანიზატორთა თქმით, სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა ექსპოზიცია.
გამოფენა ეროვნულ არქივში 8 ივლისამდე გაგრძელდება.