ეროვნული არქივის პავილიონი გამოფენით „საქართველოს კურორტები“ გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დღეს ახალი გამოფენით – „საქართველოს კურორტები“ გაიხსნება.
ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქივის ფოტოკოლექციიდან ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1920-2000-იან წლებში გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კურორტი, როგორც დღემდე მოქმედი და პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი; როგორც ზღვისპირა, ისე მთის, ბალნეოლოგიური და სხვა.
„ფოტოები ასახავს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას, კავკასიონის მთებსა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელ პანორამებს“, – აცხადებენ ეროვნულ არქივში.
მათივე ცნობით, გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს გაგრის, ბიჭვინთის, ლიძავას, გუდაუთის, ახალი ათონის, ტყვარჩელის, მენჯის, ქობულეთის, ციხისძირის, მახინჯაურის, წყალტუბოს, აბასთუმნის, ბორჯომის, ცემის, ჯავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ფასანაურის, მესტიის, ბეშუმის, ყაზბეგის,ლებარდეს, კვერეთის, სულორისა და სხვა დასახლებების სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტულ ბაზებს.
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოფენო პავილიონში მოქმედებს შეზღუდვები და დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/pavilioni“, – აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.
საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია სექტემბრამდე გაგრძელდება.
ეროვნული არქივის თანამედროვე საგამოფენო სივრცე 2016 წელს გაიხსნა. ეროვნული არქივის ცნობით, გახსნის დღიდან პავილიონმა 60-მდე ექსპოზიციასა და 10 000-ზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა.