ეროვნული არქივის კინოთეატრში საქართველოს პირველი არხის ფინანსური მხარდაჭერით გადაღებული ელდარ შენგელაიას ფილმის ჩვენება გაიმართა
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის ჩვენება გაიმართა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჭა“ რეჟისორმა რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაიღო.
როგორც ელდარ შენგელაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რეზო ჭეიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა. რეჟისორის თქმით, მან დღეს ბევრი მილოცვა მიიღო და ფიქრობს, რომ ფილმის ჩვენება წარმატებით შედგა.
„რეზო ჭეიშვილთან ერთად ჩვენ გადავიღეთ „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები“. კიდევ გვინდოდა რაღაცის გადაღება, მაგრამ რეზო გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ფილმი ამ მოთხრობის მიხედვით გადამეღო. ვინც მოვიდა, ყველამ მომილოცა და ალბათ კარგი ფილმია“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებული პროექტია, რომლის ფინანსური მხარდაჭერაც საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, კინოცენტრთან ადრეც თანამშრომლობდნენ, ახლა კი თანამშრომლობამ სისტემური ხასიათი მიიღო.
„წელს, გარდა იმისა, რომ მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო ფესტივალ „პრომეთეს“ დაჯილდოებაში, ჩვენ ცხრა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში ვმონაწილეობთ. შვიდი სადებიუტო ფილმი გადავიღეთ თეატრალურ ინსტიტუტთან ერთად. მიმდინარეობს სერიალების გადაღებაც. ეს დიდი ხანია, არ მომხდარა პირველ არხზე. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი, როგორც ქართული კულტურის ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკაში, რადგან ეს ყველაფერი კინოსტუდიების გაძლიერებას უწყობს ხელს“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ელდარ შენგელაიას აბსურდული კომედიის პრემიერა საქართველოს პირველი არხის ეთერში 2020 წლის თებერვალში იგეგმება.