ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმების რეტროსპექტივა - „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“ მიმდინარეობს
ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმების რეტროსპექტივა - „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“ მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებით „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო-დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილემ, ნინო ძანძავამ, თბილისის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ და კულტურის სფეროს კოორდინატორმა ოდრე მარგერიტამ გახსნეს.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის, თბილისისა და პარიზის ფრანგული ინსტიტუტების, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობით იმართება.

პირველ სეანსზე ნაჩვენები იყო ფრანსუა ტრიუფოს ფილმი „400 დარტყმა“. რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი რვა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს მაღალი ხარისხით, ორიგინალის ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იხილავს.

1950-იანი წლებში ფრანგულ კინოში გამოჩნდა რეჟისორთა ახალი თაობა, რომელთა ნაწილი პირდაპირ მიეკუთვნება „ახალ ტალღას“ ან ასოცირებულია ფრანგული კინოს ნოვატორულ მიმართულებებთან. არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფრანსუა ტრიუფოს, ლუი მალის, ჟან-ლუკ გოდარის, ჟან რუშის, ედგარ მორენის, ჟაკ რივეტის, კრის მარკერის, ანიეს ვარდას და სხვა რეჟისორთა ფილმები, რომლებმაც განსაზღვრეს საეტაპო ცვლილებები ფრანგულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინემატოგრაფში.

12 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით ნაჩვენები იქნება: „ლიფტი ეშაფოტზე“ (1957), „400 დარტყმა“ (1959), „ერთი ზაფხულის ქრონიკა“ (1960), „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის“ (1961), „ჟიული და ჯიმი“ (1961), „ზიზღი“ (1963), „შეშლილი პიერო“ (1965), „ვიეტნამისგან შორს“ (1967). სულ გაიმართება 16 სეანსი. დასწრება თავისუფალია.