ეროვნული არქივის ინფორმაციით, ტაო-კლარჯეთის ფერადი სლაიდები ონლაინ გამოქვეყნდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ფოტოკოლექცია „ფერადი ტაო-კლარჯეთი“ გამოქვეყნდა.
ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინკოლექციაში წარმოდგენილია მიუნხენში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, ვანო ქიქოძის მიერ 1950-1970 წლებში საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ფერად ფოტოსლაიდებზე გადაღებული ისტორიული ძეგლები: ბანა, ოშკი, ოპიზა, ტბეთი, იშხანი, ხახული, სოლომონისი, თეთრციხე, ქაჯისციხე და სხვა.
„ვანო ქიქოძის კოლექცია 1987 წელს საქართველოში მწერალმა, დრამატურგმა, რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მიუნხენიდან ჩამოიტანა და ეროვნულ არქივს გადასცა. კოლექცია აერთიანებს 550 დიაპოზიტივს და ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებთან ერთად ასახავს ერზრუმის, ანტიოქიის, დიარბექირის, ტრაპიზონისა და თურქეთის სხვა დასახლებების ძეგლებს.
„(თურქეთში ექსპედიციებისას), პირველ რიგში, მაინტერესებდა ის რაიონები, რომელიც ქართულად ითვლებოდა. მე თავად ვიღებდი. შესაძლოა, არ აქვს შესაფერისი ხარისხი, მაგრამ რაც არის, არის“, – ამბობდა კოლექციის შესახებ ვანო ქიქოძე რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმში „მიუნხენიდან საქართველოში“.
კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე“,- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.