ეროვნული არქივის დელეგაციამ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის ყრილობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაციამ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 32-ე ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.
ყრილობის მთავარი თემა იყო „არქივები და კვლევა – ანალოგურსა და ციფრულს შორის“.
ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარესთან, ბირგიტ კიბალთან. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული არქივისა და ICARUS-ის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალ ეტაპზე გადასვლა განიხილეს.
ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, სოფიო ჯობავამ და ამავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ხატია ქინქლაძემ წარადგინეს პრეზენტაცია საქართველოში არსებული გერმანული დასახლებების შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ მე-19, მე-20 საუკუნეების დოკუმენტებზე დაყრდნობით.
საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) ყრილობა ყოველწლიურად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება და ცენტრის წევრი არქივების შეკრებას ითვალისწინებს.
2024 წლის პირველი ყრილობა სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნოვი სადში გაიმართა.