ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს გამართავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ჩაატარებს. ფესტივალი 2022 წლის 5-9 ოქტომბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება.
„ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტები – ერთი ფილმი ან ფილმების პროგრამა. ღონისძიების მონაწილეებს 15-წუთიანი პრეზენტაციების გამართვის შესაძლებლობაც მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გაგზავნონ 2022 წლის პირველ ივლისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან მატერიალური ფორმით მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი # 1, თბილისი, საქართველო 0160.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.