ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის
ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ციფრული არქივის შექმნაზე მუშაობს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე.

რატი ბრეგაძის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ არქივში დაცული მასალები უფრო მეტად დაცული და ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოებისათვის.

„ამის უზრუნველსაყოფად, სრულად დასრულდება გაციფრულების პროცესი, რაც ჩვენს ფონდს კიდევ უფრო დაზღვეულს და ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომს გახდის“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ელექტრონულ არქივში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცემული ციფრული დოკუმენტები შეინახება, რომელთა ერთობლიობაც სახელმწიფოს სამართლებრივი ისტორიაა.

მინისტრის ცნობით, ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების რვა მილიონამდე გვერდია გაციფრული.