ეროვნულ სკრინინგცენტრს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის მისია ეწვია
ეროვნულ სკრინინგცენტრს თბილისში მიმდინარე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის ფორუმის 80 მონაწილისგან შემდგარი მისია ეწვია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, რეგიონული ალიანსის წევრები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნისა და ტერიტორიის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და პროფესიული ასოციაციებისგან შედგება, კიბოს სკრინინგული პროგრამის მიმდინარეობას და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.
„სტუმრები სკრინინგცენტრის დიდუბისა და ვარკეთილის ფილიალებს ეწვივნენ, სადაც სკრინინგცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ, სამედიცინო სამსახურის უფროსმა, თამარ სხირტლაძემ და ფილიალების მენეჯერებმა, ნორა კიკაჩეიშვილმა, გვანცა გულიაშვილმა და ნინო ბირკაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.
სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და, თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით, ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში PAP-ტესტი, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღებად აჰისტოლოგიური კვლევა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, უფასოდ ტარდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.