ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 4 შეხვედრა გაიმართა. ოთხივე შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებულებმა 3 ქულა მინიმალური ანგარიშით მოიპოვეს.
ტური „მცხეთა პარკში“ გამართული მატჩით დაიწყო. „ცხინვალმა“ „შუქურას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი 86-ე წუთზე გოლი ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა დოს რეის რამოს რაიმ გაიტანა.
თბილისური დერბი შედგა „შატილის“ სტადიონზე, სადაც „ნორჩი დინამო“ „შევარდენს“ მასპინძლობდა. სტუმრებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს 2:3. „შევარდენიდან“ დუბლი 35 წლის ვეტერანმა, თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა დავით ოდიკაძემ შეასრულა და კლუბს პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე „მერანმა“ „თელავი“ მიიღო და მე-17 წუთზე უკრაინელი სერგეი ტრეტიაკის გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა „გაგრამ“, რომელიც თბილისში, საქართველოს ნაკრების ტექნიკური ცენტრი „ბასაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა. ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა.
ტური ხვალ ქუთაისში დასრულდება, სადაც ბათუმის „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩი 13:00 დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.