ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 26-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ლიდერთა ჯგუფში განლაგება შეცვალა. ქობულეთის „შუქურამ“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა.
გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ერთმანეთის ლიგა 2-ის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ – „თელავმა“ „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 1:1. ანგარიში 38-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა დავით ბოლქვაძემ გახსნა. „თელავმა“ 52-ე წუთზე წონასწორობა ირაკლი რუხაძის პენალტით აღადგინა და აქაც ფრე -1:1.
კონკურენტების შეფერხებით „ვიტ ჯორჯიამ“ ისარგებლა, რომელმაც საშინაო არენაზე წყალტუბოს „სამგურალს“ 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ გაიტანა. „თელავის“ მსგავსად, „ვიტ ჯორჯიამ“ 42 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით მეორე ადგილზე დაწინაურდა, „ნორჩი დინამო“ კი 41 ქულით მეოთხეზე დაქვეითდა.
ხვალ 26-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება: მარტვილის „მერანი“ „ცხინვალს“ უმასპინძლებს, ხოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „გაგრა“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ მიიღებს. ამ მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 16:00 საათიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავზებთ.