ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ანტიკური რომის ფერები, მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“ გაიხსნა [ფოტო]
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ანტიკური რომის ფერები, მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“ გაიხსნა. ექსპოზიცია საზოგადოებას საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ბარტოლიმ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ წარუდგინეს.
კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში 10 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი, რომის წარსულის ხელშესახები კვალი და მემკვიდრეობის ნაწილია. მოზაიკის თითოეული ფილა განსხვავდება ზომით, ფორმითა და ფერით, მაგრამ ამ ფილების ერთობლიობა ანტიკურ ხანაზე მოგვითხრობს და დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ქალაქ რომის მდიდარ და გასაოცარ ისტორიას გაეცნოს.
გამოფენაზე წარმოდგენილია რომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ.აღ-ის II – ახ.წ.აღ-ის IV საუკუნეებით თარიღდება. ნამუშევრები ზედმიწევნით ასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს.
გამოფენა იმართება იტალიური კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.