ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა და სატურნირო ცხრილში ცვლილებები მოხდა. მარტვილის „მურთაზ ხურცილავაზე“ „მერანი“ „ცხინვალთან“ დამარცხდა 0:1. გოლი 47-ე წუთზე ლუკა გადრანმა გაიტანა.
იმის მიუხედავად, რომ „თელავი“ „ნორჩი დინამოსთან” პირველ ნახევარში გიორგი ნიქაბაძის გოლით დაწინაურდა, მაინც წააგო. მეორე ტაიმში კახელების კარი ჯერ იაგო დეისაძემ აიღო (51 წთ), მე-80 წუთზე კი გიორგი მელქაძემ სტუმრებს სამი ქულა მოუტანა 1:2.
ქუთაისში, „შუქურას“ კრიზისი გრძელდება – ამჯერად, გუნდმა თბილისის „შევარდენთან“ 2:3 წააგო. თბილისელებიდან თავი გამოიჩინეს ფარიდ ნაბიევმა (18 წთ), შოთა ჯიქიამ (45+1 წთ) და ნიკა მნათობიშვილმა (48 წთ), ხოლო ქობულეთელებიდან – დოს რეის რამოსმა (28) და გუჯა ლობჯანიძემ (79 წთ).
„ვიტ ჯორჯია“ „მცხეთა პარკში“ წყალტუბოს ”სამგურალის” წინააღმდეგობა მხოლოდ 81-ე წუთზე გატეხა 1:0. ეს ერთად-ერთი გოლი გიორგი გეთიაშვილის ანგარიშზეა.
ეროვნულ ლიგა 2-ის ცენტრალურ შეხვედრაში „გაგრა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა. სტუმრებმა მე-11 წუთზე დაწინაურების რეალური შანსი გაანიავეს: გიორგი ჯანელიძემ პენალტი ვერ გამოიყენა. 32-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა მასპინძლები დააწინაურა. მატჩის მიწურულს ბათუმელთა კარი მეორედ თორნიკე გაფრინდაშვილმა აიღო და „გაგრამ“ 2:0 მოიგო.
რვა ტურის შემდეგ 18 ქულით „ვიტ ჯორჯია“ ლიდერობს, „გაგრა“ მას 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო დღევანდელი მოგებით „ცხინვალმა“ 14 ქულა დააგროვა და სამეულიდან ბათუმის „დინამო“ დააქვეითა. ოთხი ქულით ბოლო ადგილზე „შუქურაა“, რომელიც მეექვსე ტურია ვეღარ იგებს.