„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს [ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. მანგლისში დააკავეს.

უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისიდან ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.