2-3 ნოემბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
2-3 ნოემბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება – საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

„ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება. „ყვავილების გამოფენაზე“ თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“, ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინფორმაციაში.