ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ეროვნული ბაღის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დაცვის პრინციპებს და ამავდროულად, ბოტანიკურ ბაღს აძლევს ახალ შესაძლებლობას, თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დოკუმენტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბრიტანულ კომპანია Chris Blandford Associates-ს.

„მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ დამტკიცებულა, ეს პირველად ხდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო დოკუმენტის მომზადებაში. აქტიურად გვეხმარებოდა ბრიტანული კომპანია Chris Blandford Associates (CBA), რომელსაც ასეთ დოკუმენტებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ზოგადად, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი სწორად განვითარება ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.