ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციის ზრდის მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარებაა
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციის ზრდის მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარებაა

2021 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 4.2 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ში აცხადებენ, ინფლაციის ზრდის მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარებაა, რის გამოც მიწოდების მხარეს არსებულმა რამდენიმე ფაქტორმა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად იმოქმედა.

„მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად კომუნალურ გადასახადებზე საბიუჯეტო სუბსიდიის მოხსნამ იქონია გავლენა, ჯამში 3.1 პროცენტული პუნქტით. ამავე ფაქტმა წლიური ინფლაცია 1.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სურსათი, წინა წლის მარტთან შედარებით, 5.5 პროცენტით გაძვირდა, რითაც ინფლაციაში 1.6 პროცენტული პუნქტით წვლილი შეიტანა. აქედან მხოლოდ მზესუმზირის ზეთის წვლილი 0.5 პროცენტული პუნქტია, ხოლო შაქრის 0.2 პროცენტული პუნქტი იყო. ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატება ამ პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გაძვირებას უკავშირდება.

მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად, გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. ბენზინისა და დიზელის კონტრიბუცია ინფლაციის ზრდაში ჯამურად 0.4 პროცენტული პუნქტს გაუტოლდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 13.6 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

მათივე ცნობით, ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სხვა საქონელის გაძვირებაზეც იმოქმედა.

„საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.6 პროცენტამდე გაიზარდა. 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, შესაბამისად, 6.4 და 0.1 პროცენტით გაძვირდა.

მომსახურებაზე ფასებმა 1.6 პროცენტით მოიმატა. საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასები 0.6 პროცენტით შემცირდა. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, შესაბამისად, 8.8, 7.1 და 9.6 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 3.6 პროცენტით მოიმატა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.