ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ფინანსური სექტორი რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალის სოლიდური ბუფერებით ხვდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალის სოლიდური ბუფერებით ხვდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყენებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ცენტრალური ბანკის ცნობით, პანდემიამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედებამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით, რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ, ხელი შეუწყო აქტივების მდგრად ხარისხსა და კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვებას.
„გარდა ამისა, გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა და წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტების დაწესებამ ბანკების დაფინანსების წყაროების სტაბილურობა და ლიკვიდობის ბუფერის გაუმჯობესება განაპირობა. შედეგად, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ, ხოლო აქტივების ხარისხი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესდა. ბანკების მომგებიანობას ხელი შეუწყო მაღალმა საკრედიტო აქტივობამ და დარეზერვების შემცირებამ, რაც, თავის მხრივ, 2020 წელს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების წინასწარ შექმნითაა განპირობებული.
გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების მეშვეობით, ბანკების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღიდგინა და მოსალოდნელ ახალ შოკს კაპიტალის სოლიდური ბუფერებით ხვდება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და რუსეთის მიმართ შესაბამისად დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა გაურკვევლობა რეგიონის მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა.
როგორც დეკემბერში გამოქვეყნებულ სტრესტესტის შედეგებში იყო ნაჩვენები, საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკსცენარების შემთხვევაშიც ინარჩუნებს. მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება და კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა. მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით“, – აცხადებენ სებ-ში.
ამასთან, ცენტრალური ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა.
„2021 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17.2 პროცენტი შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით არის განპირობებული, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით. თუმცა, აღსანიშნავია სამომხმარებლო სესხების მზარდი დინამიკა. სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, თუმცა, წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდა მაღალი იყო და 10.6 პროცენტი შეადგინა, რაც ვალის ტვირთის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. 2022 წელს მოსალოდნელია, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.