ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ აპრილში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის გაძვირებამ იმოქმედა
2021 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის გაძვირებამ იმოქმედა, ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით.
„წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.4 პროცენტული პუნქტით, კომუნალური გადასახადები ახდენდა. როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი მეტწილად კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულებაა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. საწვავის წვლილი წლიური ინფლაციის ზრდაში აპრილში 1.1 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 13.8 პროცენტით გაძვირდა (1.0 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა. გარდა ამისა, ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სხვა საქონელის გაძვირებაზეც იმოქმედა.
სურსათის წლიური ინფლაცია 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 0.7 პპ-მდე დაიკლო, თუმცა აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე გაძვირების გამო მზესუმზირის ზეთზე ფასის მკვეთრი, 77 პროცენტიანი, მატება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით კარტოფილის და ხახვის გაიაფება მოქმედებდა, შესაბამისად, 0.7 და 0.2 პროცენტული პუქნტებით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.9 პროცენტამდე გაიზარდა“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.
ამასთან, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აპრილში იმპორტირებული შერეული საქონელი 5.7 პროცენტით გაძვირდა. წლიურმა ინფლაციამ საქონელზე 12.7 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 5.4 პროცენტი შეადგინა.
„2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, შესაბამისად, 1.1, 2.8 და 1.8 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 0.2 პროცენტით მოიმატა. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, შესაბამისად, 8.5, 6.9 და 6.7 პროცენტით გაძვირდა. მომსახურებაზე ფასებმა 4.8 პროცენტით მოიმატა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.