ეროვნულ არქივში ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
საქართველოს ეროვნულ არქივში ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის პრეზენტაცია გაიმართა.
არქივი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიტანეს. კოლექცია ფოტო დოკუმენტებსა და მამულის ნასყიდობის დოკუმენტს მოიცავს.
არქივის საქართველოში დაბრუნება სიმბოლურად უკავშირდება პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
შეთანხმება ლევილის მამულის საქართველოსთვის ჩამოტანის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ნოე რამიშვილის შთამომავლებს შორის შედგა.
ლევილის მამული 1922 წელს სახელმწიფო სახსრებით შეიძინეს საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ. მათი მიზანი იყო მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსათვის გადაცემის პირობებიც.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის 25-წლიანი პროცესი 2016 წელს დასრულდა.
ეროვნული არქივის სპეციალისტების მიერ მასალის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ საარქივო კოლექცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი.