იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივში“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია მიმდინარეობს. ამ დრომდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გასაცნობად ეროვნულ არქივს დღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ლახამულის თემის წარმომადგენლები ეწვივნენ.
უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 2020 წლის მაისში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულიდან გადმოიტანეს, 18 თვის შემდეგ კი, სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.
სამუშაოებს საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები ასრულებენ.
სარესტავრაციო სამუშაოები ეროვნულ არქივში უკვე 6 თვეა, მიმდინარეობს. ამ პერიოდში ლახამულის ოთხთავს ჩაუტარდა დეზინფექცია, მშრალი და სველი წესით დამუშავდა და გაიწმინდა ხელნაწერის თითოეული ფურცელი. ამჟამად ლაბორატორიაში ეტრატის ფურცლების დარბილების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ნაკლული ადგილები თანამედროვე მასალით შეივსება. ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც დოკუმენტების რესტავრაციისას გამოიყენება, აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს დოკუმენტს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.
ლახამულის ოთხთავი XII საუკუნის ძეგლია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის აფაქიძეების ფეოდალური სახლის შესახებ. ეტრატის ფურცლებზე შესრულებულია 22-მდე მინაწერი, რომლებიც XV-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება და შეიცავს ცნობებს ლახამულის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ, სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად, ეროვნულ არქივში ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლაც მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კვლევის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია 1942-43 წლებში დაარსდა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით, თანამედროვე ტიპის სარესტავრაციო ცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ეროვნული არქივის რესტავრატორებმა იმუშავეს ეროვნულ არქივში დაცულ ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანეს არაერთ ისტორიულ საბუთსა თუ ხელნაწერზე.