ეროვნულ არქივში გამოფენა „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ გაიხსნა
საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა სახელწოდებით „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ გაიხსნა.
ექსპოზიცია იმ ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამოფენა მოიცავს საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის წინანდელ – 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ 60-ზე მეტ დოკუმენტს, რომლებიც დაცულია საქართველოსა და უკრაინის საარქივო დაწესებულებებში. მათ შორისაა უკრაინის ცენტრალური რადას მიერ 1917 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკრეტი; საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი; კავკასიაში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის შესახებ მასალები და სხვ.
გამოფენა ეროვნულ არქივში 9 აპრილამდე გაგრძელდება.
ექსპოზიცია საქართველოს ეროვნული არქივის, უკრაინის სახელმწიფო არქივისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ არის ორგანიზებული.