საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგი“ ფარგლებში, ამ დროისათვის, ახალი სტანდარტებით უკვე აღწერილია 300 ხელნაწერი.
უწყების ინფორმაციით, ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2014 წელს, ეროვნულ არქივში შეიქმნა ხელნაწერთა აღწერილობის ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვით შექმნილი აღწერილობების კიდევ ერთი, მესამე ტომი, გამოსაცემად მზადდება. მესამე ტომში იმ ხელნაწერთა აღწერები შევა, რომლებსაც ხელნაწერთა კოლექციაში მინიჭებული აქვს ნომრები 201-დან 300-მდე.
ეროვნული არქივის განმარტებით, ახალ ტომში შესული ხელნაწერების დიდი ნაწილი არქივს 1920-იან წლებში ცნობილმა სასულიერო პირმა ვასილ კარბელაშვილმა გადასცა. ხელნაწერების აღწერებისას არაერთი სიახლე გამოვლინდა, მათ შორის აღსანიშნავია ახლად გამოვლენილი ტექსტები, მინაწერები და ინფორმაცია ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით.
არქივის ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები შეეხება გურიაში მიმდინარე სააღმშენებლო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას, სიმონ ქორიძის მიერ სოფელ წყალწმინდაში დაარსებული ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკასა და იქვე დაარსებულ ქართულ სკოლას.
„განსაკუთრებით ღირებულია იმერეთის დედოფალ მარიამისა (ოტია დადიანის ასული) და ალექსანდრე ბატონიშვილის შვილის (სოლომონ I-ის შვილობილი და ტახტის მემკვიდრე) გიორგი (გოგია) ბატონიშვილის დღემდე უცნობი ავტოგრაფული მინაწერები“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც არქივში განმარტავენ, ხელნაწერების აღწერის ახალმა სტანდარტმა პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, დეტალური ინფორმაცია მაქსიმალურად აესახა ხელნაწერის აღწერაში.
აღწერილობის პირველი ტომი 2016 წელს გამოიცა, მეორე კი – 2018 წლის ბოლოს.