ერიკ ლივნი - ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე აშშ-ის გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველო-ირანის ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი ერიკ ლივნი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შესაძლოა საქართველო-ირანის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც აისახოს.
მისი თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს ურთიერთობები ირანთან, როგორც ეს წარსულში მოხდა, ეს თბილისი-თეირანის ეკონომიკურ ურთიერთობებს დააზარალებს.
„2011 წლიდან დღემდე ირანი საქართველოს ბიზნესპარტნიორების სიაში ერთ-ერთი მოწინავეა. ირანელი ბიზნესმენების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ინვესტირების კუთხით, ჩამოდის ბევრი ტურისტი. თავის დროზე, როდესაც სავიზო რეჟიმი ამოქმედდა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ამან ეს პროცესი, კერძოდ ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი შეაფერხა“, – განაცხადა ერიკ ლივნიმ პირველ არხთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, საქართველოსა და ირანს სჭირდებათ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში.
„ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო და ირანი ერთად მეტს შეძლებენ, მეტ შედეგს მიაღწევენ“, – განაცხადა ლივნიმ.
მან ასევე განმარტა, რომ დღეს აშშ-ის დამოკიდებულების გათვალისწინებით თეირანის მიმართ, გამორიცხული არ არის, ვაშინგტონმა საქართველოს მთავრობა დაავალდებულოს, ირანთან სავიზო რეჟიმი აამოქმედოს.
„ვფიქრობ, თუ ეს ასე მოხდება, არ იქნება სწორი, რადგან ამით დაზარალდებიან საქართველოში მოქმედი ირანელი ბიზნესმენები. დღეს კი საქართველოსთვის უცხოელი ინვესტორების მიერ ჩადებული თითოეული დოლარი მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ერიკ ლივნიმ.
8 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 2015 წელს ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. შეთანხმება თეირანს ავალდებულებს, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეწყვიტოს, რის სანაცვლოდაც დასავლეთმა მას სანქციები შეუმსუბუქა. აშშ-მ რამდენიმე დღის წინ შემსუბუქებული სანქციები ძალაში დააბრუნა.