ერიკ ჰოგი - EUMM-ის მისიის ცხელ ხაზზე მოქალაქეების პირდაპირი წვდომა რთული განსახორციელებელი იქნება
გასულ წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე 1650 ზარი შევიდა, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში EUMM-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა განაცხადა, რომელიც მისიას გასული წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.
ერიკ ჰოგის თქმით, ცხელი ხაზის ფუნქციის განსაზღვრა აუცილებელია.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ცხელი ხაზი უფრო ეფექტური, გასულ წელს ჩვენ მოგვმართეს 1650 ზარით, ამ ინსტრუმენტს იყენებენ ყოველდღე, დაახლოებით 5-ჯერ დღეში. მნიშვნელოვანია განსვაზღვროთ ცხელი ხაზის ფუნქცია, ეს არის კომუნიკაციის მექანიზმი მათთვის, ვისაც არ აქვთ ერთმანეთთან პირდაპირი წვდომა.
არსებობს ყველასთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური საკითხები, არაღიარება, დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობა – სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით იყო საჭირო ერთგვარი კომუნიკაციის ჰაბის შექმნა“, – აღნიშნავს ერიკ ჰოგი.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ცხელი ხაზზე ორი პასუხისმგებელი პირი 24/7-ზე რეჟიმში მუშაობს. ისინი ინციდენტების შემთხვევაში ინფორმაციას, როგორც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან, აგრეთვე ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ცხელ ხაზებზე პასუხისმგებელი პირებიდან იღებენ. ცხელ ხაზზე პასუხისმგებელი პირი ჰყავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფ რუს მესაზღვრეებსაც. თუ 2011 წელს ცხელი ხაზი 260 ჯერ გააქტიურდა, წლების განმავლობაში მიმართვიანობამ იმატა და უკვე 2016 წელს ზარებმა 1417 შეადგინა.
„რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა შესაძლებელი ცხელ ხაზზე მოქალაქეების პირდაპირი წვდომა, ამ იდეის შესახებ აქამდეც მსმენია და მესმის, საიდანაც მოდის ის, თუმცა პრაქტიკის ნაწილში, ეს რთული განსახორციელებელი იქნება.
ხშირად, ადმინისტრაციულ საზღვართან დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ისინი დააკავეს, სწორედ ამიტომ უკავშირდებიან ადგილობრივ სამართალდამცველებს, რომლებიც მოგვიანებით ინფორმაციას ჩვენ გვაწვდიან. ამის შემდგომ, ჩვენ ვახდენთ კოორდინირებას და რელევანტურ შემთხვევებზე ვფოკუსირდებით. ცხელი ხაზი ნამდვილად წარმოადგენს დამხმარე მექანიზმს, თუმცა ამავდროულად, მას სჭირდება ფილტრის მექანიზმი“, – აღნიშნავს ერიკ ჰოგი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში უკვე 10 წელია მუშაობს, კონფლიქტის მხარეები სწორედ მის ფარგლებში ხვდებიან ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ყოველწლიურ შეხვედრებზე გალსა და ერგნეთში. შექმნის დღიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 60 000 პატრულირება განახორციელა.