ერგნეთში, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე მხარეები ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, ერგნეთში მესამე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იმართება. შეხვედრა ერგნეთში ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით იმართება.
ცხინვალის დე ფაქტო, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენები იქნება. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე დე ფაქტო რეჟიმი ინიციატივას დააყენებს, ოკუპირებულ სოფელ წნელისსა და ჩორჩანას შორის ტერიტორიის უსაფრთხოების ზონად გამოცხადების შესახებ. ინიციატივაზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა საინფორმაციო საშუალებებში ისაუბრა.
ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხს არ განიხილავს. ეს განცხადება შეხვედრის დაწყების წინ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
„ამგვარ განცხადებებზე ღიმილის მომგვრელია განცხადების გაკეთება. არსებობს ქართული სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და ნებისმიერი დისკუსია ამ თემაზე არის უადგილო. იქ საგუშაგოს ჩადგმა ემსახურება უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას, საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში. ბოლო დღეების განმავლობაში, ყველა ვართ იმის მოწმენი, რაც ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან. საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ უკანონო ქმედებას, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან 24 საათი უწყვეტ რეჟიმში ხდება ვითარების კონტროლი, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.