ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო.
მისივე თქმით, ასევე განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკანონო ბორდერიზაცია.
„მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება. ამ კუთხით კონსულტაციები გაგრძელდება და შესაძლებლობების ფანჯარა დახურული არ არის. ვიმედოვნებთ, ყველა უკანონო პატიმრობაში მყოფი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. ასევე, განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკანონო ბორდერიზაციის საკითხი, რაც პირდაპირ ბმაშია ისეთ პროცესებთან, როგორიც უკანონო დაკავება და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაა, აღიკვეთოს ეს მახინჯი პრაქტიკა და თავისუფალი გადაადგილება არ იყოს შეზღუდული.
მათი მხრიდან გაჟღერებული იყო მოთხოვნები ჩორჩანაში ქართულ საპოლიციო პოსტთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ განვმარტეთ, რომ ეს არის სტანდარტული პოსტი, რისი დანიშნულებაცაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვა ამოცანა არ აქვს. ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და მოუწოდებს ყველა მონაწილეს, მათი მხრიდანაც ანალოგიური პრაქტიკა იქნას გამოყენებული“, – ირაკლი ანთაძემ.