ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 107-ე შეხვედრა გაიმართა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით გაჟღერდა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყონებლივი გათავისუფლების საკითხი.
„მთავარი განხილვის საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ბედი. რაც შეეხება კონსენსუსს, ამაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, როდესაც ჩვენ მათ გადმოვიყვანთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებში, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შვიდ უკანონო პატიმარს, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ძალიან ინტენსიური დისკუსია, ინდიკატორებზე საუბარი ჯერჯერობით არ მინდა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტენსიური მხარდაჭერით, ვცდილობთ, მივაღწიოთ პროგრესს და ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება. შედგა გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ხაზი გაესვა ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობას, ჩვენ კონტაქტზე ვართ უკანონოდ დაკავებულთა ოჯახის წევრებთან და დღევანდელი შეხვედრის შესახებ, ჩვენ მათ გავუზიარებთ ინფორმაციას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები, მათ შორის აღინიშნა ადგილობრივებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები.
მათივე განმარტებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მუშაობის ეფექტური ფუნქციონირების საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 23 სექტემბერს ჩაინიშნა.