ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 122-ე შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 122-ე შეხვედრა იმართება

ორთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 122-ე შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე განიხილავენ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს.

წინა შეხვედრიდან დღემდემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. ადგილი ჰქონდა ე.წ. ბორდერიზაციუს ხუთ ფაქტს ქარელის მუნიციპალიტეტში. სოფლების დვანისა და კოდას მიმდებარედ რუსმა სამხედროებმა – რკინის ძელები, ზოგ მონაკვეთზე კი სათვალთვალო კამერები და მავთულხლართები განაახლეს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ე.წ. გადასასვლელების გახსნის საკითხიც არის ერთ-ერთი უცვლელი თემა აღნიშნულ ფორმატში განსახილველ საკითხებს შორის.

„ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზეც ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი შემდეგ სიბრტყეში, რომ გადასასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს მუდმივად, ანუ ყოველდღე და არა შეზღუდულ დღეებში. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ამ პოზიციას გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. რაც შეეხება თამაზ გინტურის მკვლელობას, ეს საკითხი ასევე გაჟღერდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდზეც. ბუნებრივია, ამ საკითხს შევეხებით დღევანდელ შეხვედრაზეც. არ არის ალბათ თქვენთვის საიდუმლო, რომ ჩვენ ყოველთვის, ყველა შეხვედრაზე ვაჟღერებთ ჩვენი მოკლული თანამოქალაქეების საკითხს და გვარებს, ეს არის დავით ბაშარული, არჩილ ტატუნაშვილი, თამაზ გინტური. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი კვლავ იქნება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის სამართლის აღდგენა. ოპონენტების პოზიცია თქვენთვის ცნობილია, მაგრამ ეს საკითხი ყოველთვის იქნება დღის წესრიგში, ვიდრე სამართალი არ აღდგება“,- განაცხადა ანთაძემ.