ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრა დღეს გაიმართება.
როგორც საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უკანონო დაკავების საკითხი იქნება.
„ასევე ყურადღება გამახვილდება წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“,- აღნიშნავენ სუს-ში.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულის, ზაზა გახელაძის მეუღლეს, ირმა ბუთხუზს დღევანდელი შეხვედრისგან აქვს მოლოდინი, რომ გაიგებენ, რას ედავებიან მის მეუღლეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან ერთად და როგორია მისი მდგომარეობა.
„იმედები დიდია, რადგან გვითხრეს, რომ ერთ-ერთი საკითხი იქნება ზაზა გახელაძის. ველოდებით შეხვედრას. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რამეს მაინც გავიგებთ. როგორც მაქვს ინფორმაცია, მას უკეთესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ჩვენთან იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, ბატონი ანთიძე, გიგაური, გორის გუბერნატორი, რომლებმაც შეგვატყობინეს დაგეგმილი შეხვედრა. მოლოდინი დიდია გავიგოთ, რას მიუსჯიან, რას ედავებიან საზღვრის გადაკვეთასთან ერთად“,- განაცხადა ირმა ბუთხუზმა.
შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.